დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისათვის ახალგაზრდების ჯგუფმა კამპანია დაიწყო. პროექტის ერთ-ერთი ავტორის რუსლან ომაროვის თქმით, დიდი ხანი ოცნებობდა რომ სოფელში ბიბლიოთეკა ყოფილიყო. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ოცნების განსახორციელებლად მან და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ ორბელიანი საქართველოს ფონდს მიმართეს და იდეის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს. ფონდ ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერით საფარლოს ბიბლიოთეკის გახსნისათვის საჭირო თანხის შეგროვბის კამპანია დაიწყო.
“ბიბლიოთეკისთვის საჭირო ინვენტარის, წიგნების, მაგიდის, სკამებისთვის და კომპიუტერისთვის დაახლოებით 4 300 ლარია საჭირო. ორბელიანის პროგრამის მიხედვით, ამ თანხის 10% ჩვენ უნდა შევაგროვოთ. ის ადგილი, სადაც ბიბლიოთეკის გახსნას ვფიქრობთ ცუდ მდგომარეობაშია, რემონტია საჭირო. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს თანხა გვეყოფა“. – გვითხრა რუსლან ომაროვმა.
ომაროვმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკის გახსნა სოფელ საფარლოს ცენტრში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სოფელ საფარლოში ბიბლიოთეკის შექმნის იდეა ელნურ ალისოს, ზაურ ხალილოვს და რუსლან ომაროვს ეკუთვნის.
კამპანიის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე.