მერიასთან მიმდინარე აქცია დაშლილია

733

“აქცია დასრულებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასთან განაცხადა.

“ხედავთ, რა ძალებით ცდილობენ, რომ როგორმე დაგვატოვებინონ ტერიტორია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ამით დამთავრდება ყველაფერი, ძალიან ცდება. თბილისზე ვერ იძალადებენ და ამას დავამტკიცებთ. 21-ში ამათ მიუჩენენ თავის ადგილს. პოლიცია ასრულებს უკანონო ბრძანებას. აქცია დამთავრებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი, მაგრამ ჩვენ ისევ შევიკრიბებით. არ მივცემთ საშუალებას, რომ მერიამ ეს გადაწყვეტილება აღასრულოს. ბოლომდე ვიბძროლებთ და თბილისი დაიბრუნებს თავის ტერიტორიას”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

აქციის დაშლამდე საპატრულო პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე მონაწილე დააკავა. დაკავება პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და შავი ფერის ”ჯიპში” მჯდომ პირებს შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ნიკა მელია აღნიშნულ მანქანაში მჯდომ პირებს მხარდამჭერებთან ერთად მიუვარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

მელიას თქმით, აღნიშნული პირები არიან სუს-ის თანამშრომლები და სწორედ ამ მანქანიდან გაცემულ ბრძანებებს ასრულებენ სამართალდამცველები.

თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები დღის 2 საათზე შეიკრიბნენ. ისინი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის  ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ, რომ თავისუფლების მოედანზე 2 ათასი კვადრატული მიწისა და თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე შეჩერებულიყო.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და მერიაში შევლას ცდილობდნენ.

აქციის მონაწილეთა  შარტავას ქუჩის გზის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მხოლოდ საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი