“ნაცმოძრაობა” დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიების გადაცემის საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე შეჩერდეს

912

თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ.

“ნაციონალური მოძრაობა” დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ითხოვს, რომ თავისუფლების მოედანზე 2 ათასი კვ.მ მიწისა და თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა არჩევნებამდე შეჩერდეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უარი უნდა თქვას იმ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ერთი ხელმოწერა დაუსვა საკრებულომ.
“ჩამოვიდეს ნარმანია და თბილისელებს უთხრას, რომ არჩევნებამდე ეს საკითხი იქნება შეჩერებული, ვიდრე პასუხს არ მივიღებთ, არ დავიშლებით”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები არ დაუშვებენ, რომ ტერიტორია ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადაეცეს.

“ჩვენ არ დაველოდებით არჩევნებს და არ მივცემთ მერიას უფლებას, რომ საბოლოოდ დაუდასტუროს საკრებულოს ტერიტორიის გადაცემა ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ტერიტორიის გადაცემის საშუალებას არც არჩევნებამდე მივცემთ. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ეს აქცია ერთჯერადი იქნება, მაგრამ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტული იქნება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. უდუმაშვილმა საკრებულოს ის სხდომაც გაიხსენა, სადაც ამ საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და ამ სხდომას სამარცხვინო უწოდა. უდუმაშვილის თქმით, ისინი საკრებულოსგან, ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდნენ.

“საკრებულოს უმრავლესობამ სამარცხვინოდ დაუჭირა მხარი ამ საკითხს. ეს არიან ის მონები, რომლებიც მონურად ემსახურებიან თავის ბატონს. ვერ გაუბედეს ბატონს, რომ რამდენიმე დღით გადაედოთ ეს საკითხი. 1 ლარად აძლევენ ტერიტორიას. ფულის გადახდაც კი არ უნდა ბიძინა ივანიშვილს და თბილისის ბიუჯეტში თანხის შეტანა. რა თქმა უნდა, ყველა ამ უკანონო გადაწყვეტილებას გავაუქმებთ 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მაგრამ 21 ოქტომბრამდეც გავაჩერებინებთ მერიას ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. ნახევარ საათს ვაძლევთ დროს მერს, რომ ჩამობრძანდეს და გვითხრას საკუთარი გადაწყვეტილება”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

აქციის მიმდინარეობისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გზა გადაკეტეს. მანამდე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევდნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოყვა.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი