ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტები, რომლებიც “თიბისის” სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ.
,,თიბისი” ბანკის ინფორმაციით, სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში მგზავრობის საფასური განახევრდება და 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.
სიახლე 14 ივლისიდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში “თიბისისა” და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი.
ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არც დაუწყია.
მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.