საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა განსხვავება საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პირველი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან არა მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოში, არამედ ისინიც, ვინც მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, არიან სრულწლოვნები და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა;
“მეორე მიზეზი საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე − აფხაზეთსა და სამაჩაბლოში − მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. „მოქალაქეთა ერთიან ბაზაში შესულია ყველა ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მე არ მეგულება ამ ქვეყანაში მთავრობა, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეთა ბაზიდან ამორიცხავს. ჩვენს ბაზებში ირიცხება, ასევე, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ცხოვრობს უცხოეთში. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კი აღწერა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აღწერის მომენტში იმყოფებოდა საქართველოში. აღწერა არ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერ აღწერა მთლიანად უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე. შესაბამისად, განსხვავება საქართველოს მოქალაქეთა ბაზასა, რომელსაც ფლობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, და აღწერის მონაცემებს შორის არის სრულიად ბუნებრივი და ეს ასეც უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,49 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები. პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2.6 მილიონ პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი.
თეა წულუკიანის კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
დღესვე უწყებათაშორისმა კომისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: 1tv.ge