“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

487

წინა სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს და ამავე კომპანიის ორ თანამშრომელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამივე ბრალდებულს ალექსანდრე ბატიაშვილს, ირაკლი სირაძეს და მიხეილ ჭაბაშვილს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ორ ეპიზოდად ედავება. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში 70 000 ლარი, ხოლო მეორე ეპიზოდის შემთხვევაში 3 800 ლარი.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოტივად კი დაასახელა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის საფრთხეები.

როგორც პროკურორმა სხდომაზე განმარტა, საქმეზე გამოკითხულნი არიან მოწმეები. დგინდება, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ქრთამის აღებას რამდენიმე ეტაპად ახორციელებდა. ბრალდების მხარის განმარტებით, თითოეული საფრთხე-მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლის საფრთხეები სამივე ბრალდებულს თანაბრად ეხება, რის გამოც პატიმრობას ითხოვდა.

თავის მხრივ, დაცვის მხარე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას. ირაკლი სირაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, არ არის დასაბუთებული ვარაუდი. მისი თქმით, ბრალდებულის მხრიდან არ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები. ამ ფონზე გადამეტებულია მსჯელობა, რომ მისი მხრიდან არსებობს აღნიშნული საფრთხეების ჩადენა.

ადვოკატმა მოითხოვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი სირაძე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე დარჩეს, თუმცა ალტერნატივის სახით აღკვეთის ღონისძიებისთვის სასამართლოს შესთავაზა გირაო. ადვოკატის თქმით, სირაძეს გააჩნია საცხოვრებელი ბინა, რომელიც შეფასებულია 185 000 ლარად. შესაბამისად, გირაოს ოდენობაც განისაზღვროს უძრავი ქონების შეფასებით.

ასევე, ბრალდებულ მიხეილ ჭაბაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებს საქმეზე მტკიცებულებები არასწორად აქვთ მოპოვებული. მისი თქმით, არც ერთი თეთრი და მტკიცებულება არ არის ამოღებული ჭაბაშვილის მხრიდან, რითაც დანაშაული დამტკიცდება. ადვოკატმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შესთავაზა და ამ პირობებში მოითხოვა, რომ ბრალდებულს მიეცეს საშუალება მოიპოვოს მტკიცებულებები მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

კიდევ ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოს შესთავაზა გირაო 20 000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ გაიზიარა.

ცნობისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივე ბრალდებულს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.