ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია იმ რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, რაც უკვე დაწესებულია. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით აჭარაში რისკები მაღალია, რადგან არ ხდება წესების დაცვა.
„ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, გარდა იმისა, რაც გასულ კვირას დაწესდა „პისიარ“ ტესტის ან ვაქცინირებულის სტატუსით ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტი ფიქსირდება თბილისში და შემდეგ აჭარაში, რადგან აჭარა დატვირთულია მაღალი მობილობით. აჭარაში რისკები უფრო მაღალია, რადგან ტურიზმი, საკურორტო სეზონი არის სრულად გაშლილი, ამიტომ იქ წესების დაცვაც, როგორც ჩვენამდე ინფორმაცია მოდის, არ არის ინდივიდუალურ დონეზე და რთულად ხორციელდება, რაც რისკებს ზრდის“, – განაცხადა გაბუნიამ.