ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ-პაციენტების თვის სასტუმროების მობილიზება მიმდინარეობს.
მან მედიასთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და თქვა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ისე როგორც – გარდაცვალების, რის გამოც მობილიზებული საწოლების რაოდენობა 6000-მდე გაზარდეს.
„კოვიდის მართვაში ჩაერთო ის კლინიკები, რომლებიც ბოლო დროს ამ პროცესში აღარ მონაწილეობდნენ, რადგან შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე ბავშვთა საწოლების მობილიზება მოხდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, კოვიდ-სასტუმროების მობილიზებაც განხორციელდა და საკითხზე კონსულტაცია კვლავ გრძელდება.
“გვაქვს ბევრი მსუბუქი შემთხვევა, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. დღეს მობილიზებულ სასტუმროებს 2 დაემატა და კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რომ გაიზარდოს მათი რიცხვი, რადგან სრულიად გაუმართლებელია, რომ მსუბუქი, უსიმპტომო პაციენტების გადაყვანა მოხდეს კლინიკებში. ამის საშუალებას არც ჰოსპიტალური სექტორი იძლევა“, – განაცხადა გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის: გუშინ ინფიცირების მაჩვენებელი 2600-ზე მეტი იყო, ხოლო დღეს 2400 შემთხვევა გამოვლინდა.