„პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემენ ხმას. ეს არის დასაგმობი. ასევე, ზოგიერთი ჩვენთვის პატივსაცემი აღმზრდელი და მასწავლებელი არღვევს კანონს და დროშები შეაქვთ კლასებში, ხოლო ზოგიერთ გამგებლის მოადგილეებს არ ესმით საკუთარი ფუნქციები”, – განაცხადა დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან, ასევე, მოუწოდა საჯარო მოხელეებს, Facebook-ის პირადი გვერდი აგიტაციისთვის არ გამოიყენონ.
„ყველა საჯარო მოხელეს მოვუწოდებ, არ გამოიყენონ Facebook-ის პირადი გვერდი აგიტაციისთვის. ჩვენ დღეს შესაბამისი რეკომენდაცია გამოვეცით. ეს არის დაუშვებელი, რადგან ქმნის ინსტრუქციას მისდამი დაქვემდებარებული პირებისთვის, რომ ამა თუ იმ პარტიას დაუჭირონ მხარი”, – განაცხადა დღეს თეა წულუკიანმა.
მინისტრის ინფორმაციით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რადგან, თუ 2014 წლის არჩევნებისას აღნიშნულ პერიოდში 150-ზე მეტი საჩივარი იყო კომისიაში შესული, ახლა მხოლოდ 43 საჩივარი ფიქსირდება.
დღეს იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
დღესვე უწყებათაშორისმა კომისიამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი