ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

459

ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა აღმოიფხვრება.

„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს.

ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება“, – წერს გოგი მეშველიანი.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში სასმელი წყალი მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება.

აღნიშნული საკითხის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი, რომელმაც 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა. მაჟორიტარმა დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საკითხის მოგვარებაში პირადად ჩართულიყო.