რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო ქვირია აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მას მიზანმომართულად დევნიდნენ და გათავისუფლების საფუძველი ხელოვნურად შეუქმნეს. ინფორმაციას On.ge ავრცელებს.
ქვირიას თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში რუსთავის მერმა ორჯერ დაიბარა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერას სთხოვდა. ის ამბობს, რომ განთავისუფლების განცხადებაზე უარის თქმის შემდეგ, მის მიმართ სხვადასხვა საფუძვლით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის მიზეზით, დისციპლინალური წარმოება დაიწყო. მისი თქმით, დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ხორციელდება.
“ზეწოლა გამოიხატებოდა ნებისმიერ პროცესში უხეშად ჩარევაში — დაბარებები, სამსახურიდან წასვლის მოთხოვნა. მისი საახლობლო წრე მიბარებდა, მოდიოდნენ ჩემთან და სხვა სამსახურში გადასვლას მთავაზობდნენ, ან ჩემი ნებით მთხოვდნენ განცხადების დაწერას”, — ამბობს ქვირია.
ნინო ქვირია, ასევე, ამბობს, რომ გადადგომა ქართული ოცნების რეგიონალური ოფისის უფროსმა, დავით კობახიძემაც მოსთხოვა.
ნინო ქვირიას ინტერესებს სამართლიანი (ISFED) არჩევნები იცავს. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების დასადგენად ორგანიზაცია სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებას გეგმავს.
ბრალდებასთან დაკავშირებით On.ge რუსთავის მერიას დაუკავშირდა. თუმცა მერიის პრესსამსახურს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.