საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოვების ცერემონიალისთვის 30 ათას ლარამდე დაიხარჯება

374

ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართება. ინიციატორი ადგილობრივი მერიაა. ღონისძიებისთვის, რომელიც მოიცავს საკონცერტო ნაწილს და დაჯილდოების ცერემონიას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 29 190 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ღონისძიებისთვის ორი დამოუკიდებელი ტენდერი გამოცხადდა. ერთი გულისხმობს სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებას, მუსიკალური პროგრამის შემსრულებლებისა და მოწვეული სტუმრების სასტუმროში დაბინავებას და საუზმე-ვახშამს 10 პერსონაზე. ამ ყველაფრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 300 ლარი იხარჯება.

ამასთან, ზუგდიდის საპატიო მოქალაქესა და საპატიო ზუგდიდელს საჩუქრად ქალაქის სიმბოლურ გასაღებს და მედალს გადასცემენ, რისთვისაც 2190 ლარი დაიხარჯა. საუბარი შეეხება 3 გასაღებს და 6 მედალიონს.

ზუგდიდის მერიაში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ ექვს მედალს გადასცემენ როგორც ზუგდიდის საპატიო მოქალაქეს, ისე საპატიო ზუგდიდელს. თუცა, ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს დამატებით სიმბოლური გასაღებები გადაეცემათ.

დაჯილდოვების ღონისძიება გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა მერიის განმარტებით, ცალკეული ადამიანები ვერ ახერხებდნენ დასწრებას, რის გამოც მომდევნო კვირის ბოლოსთვის გადადეს. ჩვენი კითხვის პასუხად, რამდენად მიზანშეწონილია პანდემიის დროს მსგავსი ღონისძიების გამართვა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის გამოყოფა, განმარტეს:

“რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, ეს წინასწარ იყო გათვალისწინებული და თანხების გადატანა-გადმოტანა სხვა მუხლიდან არ მომხდარა”.

ვინ არიან წარდგენილები ზუგდიდის საპატიო მოქალაქის და საპატიო ზუგდიდელის კანდიდატურებად, მერიაში არ აკონკრეტებენ. ამბობენ, რომ მათი ვინაობა დაჯილდოვების დღეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

საპატიო ზუგდიდელები 2019 წელსაც გამოავლინეს. მაშინ ყოფილმა მერმა, გიორგი შენგელიამ თქვა, რომ ისინი ყოველ ვლაქერონობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოავლენენ საპატიო ზუგდიდელებს.

საპატიო ზუგდიდელის წოდება პირველად ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს 2016 წელს მიანიჭეს. საპატიო ზუგდიდელები 2017 წელსაც გამოავლინეს.