ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელმა, რომელმაც ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახური დატოვა

338

წინა სტატია

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის თანამშრომელმა, რომელმაც ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ოთო კვალიაშვილი კულტურის ა(ა)იპში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. ის ჟურნალისტებთან მაშინ გამოჩნდა, როდესაც 13 ივლისს მედიის წარმომადგენლები “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად მდუმარე აქციას მართავდნენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

მედიის წარმომადგენლების განმარტებით, კვალიაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პროვოკატორები უწოდა და ამავდროულად ჟურნალისტებს ვიდეოს უღებდა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა ქუთაისის მერმა.

“მე დავიწყებ ზოგადი ინფორმაციით და ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ვალდებული ვართ ყველა. საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე და ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მას ვგმობთ. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ პიროვნებად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ამ შემთხვევაში ეს იყო უსიამოვნო ფაქტი არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მერიისა და თვითმმართველობის მიმართ,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც მერიაში განმარტეს, 13 ივლისს ოთო კვალიაშვილი ერთი დღით განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იყო.