ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ covid-ხარჯების ანაზღაურების დაგვიანების ან გახანგრძლივების სერიოზული ფაქტები არ გვაქვს. ასე უპასუხა გაბუნიამ BM.GE-ს შესაბამის კითხვას.
საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის განვითარების 10-წლიანი პრეზენტაციის შემდეგ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა თქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის თანხების და კოვიდის საწოლფონდის ქირაობის თანხების ანაზღაურება დადგენილებით განსაზღვრული წესით მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება კოვიდ-პაციენტებისთვის ჩატარებული შესაბამისი კვლევების ხარჯების ანაზღაურებას, ამაზე საგრძნობი დაგვიანებებია.
„რაც შეეხება კოვიდის პროგრამას, მისი დანახარჯი მაღალია და ჯანდაცვაში დამატებითი საბიუჯეტო თანხები (400 მლნ ლარზე მეტი) მიმართული იქნება საწოლფონდის დაფინანსებისკენ, პერსონალის და იმ დანამატების დაფინანსებისკენ, რასაც კოვიდ-კლინიკების პერსონალი იღებს; ასევე ეს არის ტესტების ხარჯი, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი საკმაოდ სოლიდურ დანამატს შეადგენს, რაც აუცილებელი გახდა ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
რაც შეეხება კოვიდის ფარგლებში ანაზღაურებას, აქ ორი ნაწილია – საწოლებისთვის ანაზღაურება, რომელიც მაშინვე ხდება, ყოველთვიურად და მეორე – დანახარჯის მიხედვით ანაზღაურება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ესეც არის დადგენილებით განსაზღვრული ინტერვალის ფარგლებში; ვმუშაობთ კლინიკებთან ამ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ანაზღაურება. სერიოზული დაგვიანების და გახანგრძლივების ფაქტები არ გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ანაზღაურების საკითხს, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კუთხით დაგვიანებები არ არის.
„საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში ანაზღაურება ხორციელდება 4-თვიანი ინტერვალით, როცა ხდება სამუშაოს შესრულება და მისი ჩაბარება. 2 წლის წინ, როცა სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, დაგვიანებული გადახდები იყო საკმაოდ მაღალი, 200 მლნ ლარი. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ანაზღაურება 1-2 თვეზეა ჩამოყვანილი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.