წყალტუბოს 3 სოფელში 32 კმ-იანი გზა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიგება, პროექტში 23 მლნ დაიხარჯება

413

32 კმ-იანი გზა სამ სოფელში: ქვიტირი-მესხეთში, ფარცხანაყანევსა და მაღლაკში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ევროსტანდარტების გათვალისწინებით დაიგება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. სამუშაოები ოქტომბრის თვეში დაიწყება.

ამ საკითხზე მერიაში სამი სოფლის მოსახლეობასთან მ.გ.ფ.-ის წარმომადგენლებმა „ზუმის“ პლატფორმის გამოყენებით საჯარო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მგფ-ის წარმომადგენლებმა პროექტის ვადებზე და შესრულების დეტალებზე მოსახლეობას სრული ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტები არა მხოლოდ გზას, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისას, გზასთან ერთად მოეწყობა ტროტუარები, არხები და გარეგანათება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მოქალაქეებს ამ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 23 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას დებს წყალტუბოს სამი სოფლის გზების მშენებლობისთვის. პროექტის ღირებულების 15% ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩვენს სინამდვილეში. ამ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ და ლოკაციები მოსახლეობამ თავად შეარჩია“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.