ხვალიდან სპეციალისტები ტირიფონის საირიგაციო სისტემის შესწავლას დაიწყებენ, სამუშაოებში დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

437

ხვალიდან სპეციალისტები საირიგაციო სისტემების შესწავლას დაიწყებენ. ტექნიკურ სამუშაოებში როგორც ქართული მხარის, ისე დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.

ამ სამუშაოების შედეგად დაისახება კონკრეტული ღონისძიებები იმისთვის, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე ოკუპირებულ მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას სარწყავი წყალი უპრობლემოდ მიეწოდებოდეს. ამაზე შეთანხმებას მხარეებმა ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ტირიფონის სარწყავი არხით, რომლის სათავეც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, 30-ზე მეტი როგორც ქართული, ისე ოსური სოფელი სარგებლობს. საირიგაციო სეზონის დადგომისას წყლის არასწორი განაწილების გამო გარკვეულ სოფლებს წყალი შეფერხებით ან გრაფიკით მიეწოდება, დაგეგმილი ღონისძიებების გატარების შემდეგ კი სარწყავი წყალი თანაბრად გადანაწილდება.

13 ივლისს კი მხარეები ერგნეთში უკვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეიკრიბებიან. შეხვედრის ძირითადი საკითხები ბორდერიზაციის უკანონო ფაქტები იქნება, ქართული მხარე ასევე მკაცრად მოითხოვს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებას.