ხარაგაულის სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრული თანხა მიზერულია

348

სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად ხელსაყრელი პერიოდი დადგა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელ სკოლაში კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი საიმისოდ, რომ სკოლების ადმინისტრაცია და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს ნაკლები პრობლემებით შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოვიპოვეთ, წერს ჩემი ხარაგაული.

მოსაგვარებელ საკითხთა ნუსხა ვრცელია, თუმცა მათ გადასაჭრელად გამოყოფილი თანხა – მიზერული.

  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების შენობებიდან ცხრა მათგანის (ხარაგაულის #2, ხარაგაულის #3, საღანძილის, ხუნევის, გედსამანიის, ლაშის, ლეღვანის საჯარო სკოლების, ლეღვნის სკოლის მეორე კორპუსისა და წიფის ოპტიმიზირებული სკოლის) სახურავები შესაცვლელია;
  • სრული რეაბილიტაცია სჭირდება ზვარისა და წიფის საჯარო სკოლების შენობებს;
  • საკლასო ოთახებია გასარემონტებელი ბორის, ვარძიის, ვაშლევის, ხუნევისა და გედსამანიის სკოლებში;
  • ბორითისა და ბორის სკოლების შენობებში ელექტროგაყვანილობაა აღსადგენი, ბორითისა და ხევის სკოლების ეზოებში – ღობეები;
  • სარეაბილიტაციოა ვაშლევის სკოლის სპორტული დარბაზი;
  • სპორტული მოედნებია აღსადგენი საღანძილისა და ნადაბურის სკოლებში;
  • ჩრდილის დაწყებითი კლასებისთვის ახალი შენობაა ასაგები;
  • კარ-ფანჯარაა შესაცვლელი ვარძიის, ხევის, ხიდრის, ლეღვანის, სარგვეშის საჯარო, წიფის ოპტიმიზირებულ სკოლებსა და ლეღვნის დიდვაკის კორპუსში;
  • ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას საკლასო ოთახების მიშენება სჭირდება; საღანძილის სკოლას – შენობაზე ოთახების დაშენება; ბორითის საჯარო სკოლას – ბუფეტის მოწყობა;
  • მოლითის საჯარო და ფარცხნალის ოპტიმიზირებულ სკოლებში სველი წერტილებია მოსაწყობი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების ზემოთჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად დაახლოებით 1 175 014 ლარია საჭირო.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინა ვეფხვაძის, ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სკოლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, 410 ათასი ლარი გამოეყო. ეს თანხა, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციას მოხმარდა.

წელს ხარაგაულის სკოლებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან თვითმმართველობაზე გადმოსაცემად 70 ათასი ლარი გამოიყოფა.

„ამ თანხით ხარაგაულის #3 სკოლაში სახურავის რეაბილიტაციას, მოლითის საჯარო და ფარცხნალის ოპტიმიზირებულ სკოლებში სველი წერტილების მოწესრიგებას ვგეგმავთ“, – ამბობს მარინა ვეფხვაძე.

„მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) დაფინანსებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სექტემბრიდან სკოლის ახალი შენობა გაიხსნება. ვერტყვიჭალასა და მარელისში კი არსებული შენობების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს ცოტა არ არის, – მიაჩნია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს, – სკოლების ინფრასტრუქტურის აღსადგენად ხარაგაულის თვითმმართველობას ცენტრალური ბიუჯეტიდან 2021 წელს 70 ათასი ლარი გამოეყო.

შესაბამისი ტენდერები უკვე გამოცხადდა. თანხა, შესაძლოა, კიდევ გამოიყოს“.

მოლითის საჯარო სკოლის ეზოში სველი წერტილის მოსაწესრიგებლად ტენდერი 33 866 ლარზეა გამოცხადებული. შპს „კეკე“ ამ სამუშაოს შესრულებას 30 934 ლარად გეგმავს. ამჟამად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის შენობის გადასახურად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა და განმეორებით უნდა გამოცხადდეს. სატენდერო თანხა 20 946 ლარია.

წყალაფორეთის სკოლის რეაბილიტაცია, მგფ-ის დაფინანსებით, ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების შენობების აღდგენასთან ერთად უნდა დაწყებულიყო. თუმცა მოსამზადებელი სამუშაოების დროს აღმოჩნდა, რომ ამ სკოლის შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეცვლაა საჭირო.

აშენდება თუ არა წყალაფორეთში სკოლის ახალი შენობა და როდის, – ამის გასარკვევად მუნიციპალური განვითარების ფონდს რამდენჯერმე მივმართეთ. მათგან პასუხი, ამ დრომდე, არ მიგვიღია.

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ წყალაფორეთის სკოლაზე კონკრეტული გადაწყვეტილება  მუნიციპალური განვითარების ფონდს, ჯერჯერობით, არ მიუღია.