ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში ჩამოყალიბებული ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მუშაობის შედეგად კლინიკების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 200 მლნ ლარით შემცირდა და დღეს 160 მლნ ლარს შეადგენს.
მინისტრმა ჯანდაცვის 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვეშ ჯანდაცვის კუთხით 17 სახელმწიფო პროგრამა და 61 ქვეპროგრამაა გაერთიანებული. მათ შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამები.
„ამ სააგენტომ 2 წლის განმავლობაში ისეთ გამოწვევას უპასუხა, როგორიცაა ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და კერძოდ, ამ მიმართულებით სააგენტომ 200 მლნ ლარით შეიმცირა ის დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს მიმართ გააჩნდა.
სააგენტოს ეფექტიანი მუშაობის ხარჯზე ჩვენ შევძელით კლინიკების მიმართ არსებული არათანაბარი დავალიანება, რომელიც 6-დან 8 თვემდე იყო, 2 თვემდე დაგვეყვანა და ეს სექტორისთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან ასე მათ უკეთ შეუძლიათ განკარგონ ის შემოსავლები, რომლებიც შემდგომში ხარისხიანი სერვისების მიღებასა და ინვესტირებაში უნდა გარდაიქმნას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.