გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 160 დაწესებულებაა ჩართული

288

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე 100 ათასი ჯავშანია გახსნილი აცრის მსურველი ადამიანებისთვის.

მისივე განმარტებით, 160 დაწესებულებაა ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად და ცხელი ხაზის საშუალებით, აცრის მსურველებს, ასევე, შეუძლიათ მიაკითხონ ამცრელ დაწესებულებებს და იქ მიიღონ დახმარება რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

„გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ მიიღო 1 მილიონი დოზა ვაქცინა, აქედან ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“. უკვე გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, 100 ათასი ჯავშანი არის გახსნილი და ელოდება მოქალაქეებს, რომ მათ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მივიდნენ ვაქცინაციისთვის შერჩეულ ცენტრებში. 160 დაწესებულებაა ჩართული ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის საშუალებით, ასევე, უშუალოდ დაწესებულების ცხელის ხაზის საშუალებით, რაც გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდზე. ასევე, შესაძლებელია პირდაპირ კლინიკაში ვიზიტი, რათა იქვე მოხდეს მოქალაქის დარეგისტრირება თუ ის სხვა გზით რეგისტრაციას ვერ ახერხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით, ნაკლებად სასურველია, მაგრამ თუ მოქალაქე სხვაგვარად ვერ ხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და მას სჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია. ასევე, მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 15 22, რომელიც მეტად კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სპეციალურ საჭიროებებს განიხილავს, მაგალითად ხანდაზმული პირი ან ქრონიკული დაავადების მქონე პირი, რომელიც არის სახლს მიჯაჭვული, არ შეუძლია გადაადგილება და სჭირდება ბინაზე ვაქცინაციის მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში 15 22 იღებს ამ მოთხოვნას და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება უკვე ამცრელი ბრიგადის ორგანიზება ბინაზე. 100-მდე ასეთი მოქალაქე არის აცრილი ამ დროისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის, საბედნიეროდ, დიდი რაოდენობა, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი შესაძლებლობა. ასევე, გრძელდება ესენციური ჯგუფის ვაქცინაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სისტემის, პენიტენციური სისტემის ფარგლებში და ეს პროცესები, ბუნებრივია, გაგრძელდება და მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სახელმწიფო უწყების ფარგლებში მოწოდება თანამშრომლებისთვის, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.