ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ღირსეული კანდიდატები შევარჩიოთ, როგორც პროფესიულ წევრებად, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარედ, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან, ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს მიუკერძოებელმა ადამიანმა, რომელიც გაუძლებს ზეწოლას, როგორც მთავრობისგან, ასევე ოპოზიციისგან.
„ჩვენ ვართ ამ კომისიის წევრები. ამ კომისიაში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები შედიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალისხმევას არ დავზოგავთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ღირსეული კანდიდატები შევარჩიოთ, როგორც პროფესიულ წევრებად, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუმცა თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი შეირჩეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში ბოლომდე არ დავრჩებით. ჯერ იქ ვართ, ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, შემდეგ უკვე შევხედავთ რა იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ქვეყნის მომავლისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები, მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს მიუკერძოებელმა, დამოუკიდებელმა ადამიანმა, პროფესიონალმა, რომელიც გაუძლებს ყველანაირ ზეწოლას, როგორც მთავრობისგან, ასევე ოპოზიციისგან. ეს ადამიანი არცერთ პარტიასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.