ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: 2022 წელს “აწარმოე საქართველოში” დაფინანსება 200 მლნ ლარით გაიზრდება

699

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2022 წელს პროგრამის “აწარმოე საქართველოში” დაფინანსება დაახლოებით 200 მილიონი ლარით გაიზრდება.

ნადარეიშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს პროექტზე, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო სისტემის და კრედიტის თანადაფინანსების კომპონენტებს გააერთიანებს – ახალი პროგრამის მოცვა კი სუბსიდირების არსებულ პროგრამებზე ფართო უნდა იყოს.

“2020-ში ავამოქმედეთ საკრედიტო საგარანტიო სისტემა, რომელიც ახდენს ბანკებში ახალი სესხების ნაღდი ფულით გარანტირებას უზრუნველყოფის 90%-ს ოდენობით. 2020 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით მხოლოდ ამ პროგრამაში დაახლოებით 250 სესხი არის გარანტირებული, დაახლოებით 250 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე გასულ პერიოდში გვქონდა დაახლოებით 60 ახალი სასტუმროს დაფინანსების პროექტი, ანუ ამ პანდემიურ ვითარებაში ბანკებმა დააკრედიტეს მრავალი ახალი ტურისტული პროექტი და ჩვენც ამ კრედიტების თანადაფინანსება მოვახდინეთ.

პრემიერმა დაანონსა ახალი პაკეტი, რომელიც იქნება უფრო ფართო. ამოცანა იყო, რომ გაკეთებულიყო უფრო ფართო დაფარვა სექტორების და დარგების მიხედვით. დარგობრივად დაახლოებით ვაორმაგებთ და იქნება 400-ზე მეტი მიმართულება. საუბარია ერთდროულად სესხის გარანტირებასა და თანადაფინანსებაზე. ეს იქნება მასობრივი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სესხი იყოს მნიშვნელოვნად გაიაფებული ბიზნესისთვის.

ექსპორტის ხელშეწყობაზე გვექნება ახალი კომპონენტი. გაჩნდება გრანტის კომპონენტი სესხის ზომაზე გარკვეული პროპორციით მიბმული კომპონენტი. წელს უკვე 55 მილიონი ლარით “აწარმოე საქართველოს” პროგრამული ბიუჯეტი იზრდება. მომავალ წელს კი ზუსტად არ მინდა ციფრების დასახელება, მაგრამ მატება იქნება მინიმუმ 200 მილიონი ლარის დამატებითი რესურსი,”- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

2021 წლის მდგომარეობით, ეკონომიკის სამინისტრო “მეწარმოების განვითარების” პროგრამების ბიუჯეტი ჯამში 302 მილიონ ლარს შეადგენს.