სიცოცხლისთვის რისკის შემცველი ხიდები ბათუმში

287

სიცოცხლისთვის რისკის შემცველი ხიდები ბათუმში. ქალაქში, მრავლად იპოვით ისეთ დაზიანებულ კონსტრუქციას, რომელზე გავლაც რთულია. ხიდებს არც მოაჯირები აქვს. შესაძლო რისკებსა და არსენულ რეალობაზე ადგილობრივებიც საუბრობენ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისთვის მოსახლეობა პრიორიტეტული, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ეს ხიდი ასობით მოქალაქეს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. იმის გამო, რომ რკინის კონსტრუქციას მხოლოდ ერთი მოაჯირი აქვს და ისიც ადგილობრივების ძალებით გაკეთებული, შესაძლოა, გადაადგილებისას ღია არხში აღმოჩნდეთ, მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა. საფრთხის წინაშე კი, არასრულწლოვნები დადგნენ. ადგილზე ქვეწარმავლებიც ბუდობენ.

მსგავს მდგომარეობაში ქალაქში კიდევ ბევრი ხიდია. ზოგიერთ მათგანს მოაჯირი საერთოდ არ გააჩნია. ვნახეთ ისეთებიც, რომელზეც გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა, ადგილზე მცხოვრებლებს ალტერნატიული გზა არ გააჩნიათ. შიშობენ, რომ ხიდი ნებისმიერ დროს ჩავარდება.

სვიშევსკის ქუჩის მცხოვრებლებს უსაფუძვლოდ რომ არ ეშინოდათ, ეს ჩავარდნილი ხიდი მოწმობს. მრავალი მიმართვისა და დახმარების თხოვნის მიუხედავად მათი გასაჭირი რეგიონის ხელმძღვანელობამ უგულებელყო.

რამდენად წარმოადგენს რეგიონის პასუხისმგებელი პირებისთვის ხალხი პრიორიტეტს? „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მმართველი გუნდის განცხადებები და დაპირებები სასაცილოდ მიაჩნიათ. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ხელისუვლებისთვის მოსახლეობა პრიორიტეტული, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება და ისინი, მხოლოდ, ამ დროს ახსენდებათ.

ის, რაც ვნახეთ და ის, რაც ბათუმის მერიაში გვიპასუხეს, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. პასუხისმგებელმა უწყებებმა სატელევიზიო კომენტარი ისევ არ გააკეთეს.