საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ წნორში, 24 საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა მრიცხველები, მოეწყო წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400 მ. პროექტი 1 თვეში დასრულდება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების შედეგად, დამატებით 1500 ადამიანი უკვე სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით. პროექტის განხორციელებამდე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
„წნორის დანარჩენი მოსახლეობა კი (5 000-მდე ადამიანი) დაახლოებით ერთი წელია უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ადგილობრივების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქლორატოროს, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.