ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, გადაკეტილია გზა

458
ლისი-მუხათწყაროს გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა.  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის განცხადებით, მეწყრული პროცესები 30 ივნისს, დილით გააქტიურდა, რის გამოც გზის აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტა.მისივე თქმით, გადაადგილება ნაფეტვრები-მსხალდიდის შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

როგორც ნოზაძე ამბობს, პროცესების მიმდინარეობას სპეციალისტები სწავლობენ .

“ადგილზე იმყოფებოდნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული გზის მშენებლობა განახორციელეს. ასევე, დილიდან იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე პროცესებს სწავლობენ და გაუწევენ მონიტორინგს, რის შემდგომაც მოამზადებენ შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს.

მეწყრული პროცესების მიმდინარეობას ასევე სწავლობენ სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რის შემდგომაც დაიწყებენ საინჟინრო პროექტზე მუშაობას და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს,”- თქვა დავით ნოზაძემ.