ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების გრძელვადიანი პროგრამა დასრულდა

341

ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების გრძელვადიანი პროგრამა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო (NCYOG) ერთი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

საპილოტე პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონიდან გადამზადდა 30 ახალგაზრდული ორგანიზაციის 90 წარმომადგენელი შემდეგი მიმართულებებით: ორგანიზაციის მართვა, პროექტის მენეჯმენტი და ახალგაზრდული მუშაკი.

თეორიული გადამზადების შემდეგ, მონაწილეებმა პრაქტიკის ფაზის ფარგლებში განახორციელეს ლოკალური აქტივობები თავიანთ თემში, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონი და 600-მდე ბენეფიციარი მოიცვა.

„პროექტის მონაწილეებმა განივითარეს სხვადასხვა კომპეტენციები, რაც ხელს შეუწყობს ლოკალურ დონეზე სამუშაო პროცესის ხარისხიანად წარმართვას, მათი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდას და მათ განვითარებას როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული კუთხით.

პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდა საქართველოში არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის კვლევა, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის.

პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდული სფეროსა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროცესში, რაც დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების საწინდარია“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ: საერთაშორისო და ადგილობრივი, ასევე პროექტში ჩართული ორგანიზაციები და ახალგაზრდები.