ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სავაჭრო ცენტრებთან ჯანდაცვის სამინისტრო და ვაქცინაციის პროცესში ჩართული კლინიკები კონსულტაციებს მართავენ, რათა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისას თვეში მინიმუმ 1 მილიონი მოქალაქის აცრა მოხერხდეს.
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში შემთხვევების ოდენობის ზრდა, გარკვეულწილად შაბათ-კვირას ტესტების დაბალი ოდენობით იყო განპირობებული.
„ასეთი მაღალი მაჩვენებლი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო გააქტიურებაზე მიუთითებს. ტესტირების პროგრამები გრძელდება და ტესტირების მაჩვენებელი 30 ათასის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, 2639 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში, 594 -ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 158- რეანიმაციაში. 3 ათასზე მეტი საწოლი რჩება თავისუფალი. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე კლინიკის დემობილიზება იგეგმება, რათა რესურსი იყოს გონივრულად გამოყენებული.
ჩვენთვის დღეს მთავარი აქცენტი გახლავთ ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება. როგორც მოგეხსენებათ, ორმილიონახევარზე მეტი დოზა ვაქცინის შემოტანაზე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტები გაფორმებული. რამდენიმე დღეში ველოდებით პრიველ მოწოდებას. ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. 284 ბრიგადა არის მობილიზებული და ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ერთი ბრიგადის შესაძლებლობაა დღეში 60 აცრის ჩატარებაა, რაც ჯამურად არის 17 ათასი დღიური აცრის შესაძლებლობა. გარდა ამისა, იგეგმება ბრიგადების გაორმაგება როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქში. ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურება. უკვე მოქმედებს ჰუალინგის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და მიდის კონსულტაციები დიდ მოლებთან, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო და პროცესში ჩართული კლინიკები ვაქცინაციის ცენტრებს გამართავენ, იმისთვის, რომ თვეში 1 მილიონი მოქალაქის ვაქცინაცია შევძლოთ და მეოთხე ტალღის თავიდან აცილების მიზნით გვქონდეს კარგი მოცვა“, – განაცხადა გაბუნიამ.