გაბუნია: კორონავირუსის შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა

392

ბოლო 24 საათის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტირების დაბალი რაოდენობით, თუმცა ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება.

„ტესტირების პროგრამები გრძელდება და ტესტირების მაჩვენებელი ყოველდღიურად 30 ათასის ფარგლებში მერყეობს და გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ამჟამად 2 639 პაციენტი იმყოფება ჰოსპიტალში. 594 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო 158 გახლავთ რეანიმაციებში. 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის თავისუფალი რჩება და ეტაპობრივად, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციას ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.