შალვა კერესელიძე დიმიტრი ხუნდაძეს: აქციები თქვენი და მერიის ორგანიზებული იყო, ტყუილს ეუბნებოდით, რომ მთავრობა მცხეთას შლის, ტერიტორიებს თბილისს უერთებს

723

პარტია “საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდა.

შალვა კერესელიძემ დიმიტრი ხუნდაძეს „ტყუილის დიდოსტატი“ უწოდა.

“ვიცით ახლა, ბატონო დიმიტრი, რომ ტყუილის დიდოსტატი ხართ – ალბათ პარასკევიდან მოყოლებული ეს სამი დღე მაგაზე ფიქრობდით, ეს ახალი ტყუილი რომ გეთქვათ – რომ თურმე ამხანაგობა “აქოლისის” მხარდამჭერად ჩამთვალეთ, მაგრამ რეალობა აქ არის სხვა. მე ვიყავი და ვარ დღესაც და მუდამ ვიქნები ამ პოზიციაზე, რასაც ყოველთვის ვაფიქსირებდი – აქ ისეთ იდეალურ გეგმას, სადაც ყველა იქნება 100%-ით კმაყოფილი, აი პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერ შეიმუშავებთ. აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ის, რომ პირველ რიგში, გეგმა იყოს სახელმწიფოებრივად სწორი და პასუხობდეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამას ვამბობდი მაშინაც, ამას ვამბობ ახლაც და ამას ვიტყვი მუდამ. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იყოს პირველ რიგში გათვალისწინებული, როგორც კერძო ბიზნესის ინტერესი, როგორც საპატრიარქოს ინტერესი, თვითმმართველობის ინტერესი და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი აქ არის სახელმწიფოებრივი ინტერესები, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ერთ პოზიციაზე ვიყავით და მე მგონი, ამ პოზიციაზე ვართ ახლაც,“ – აცხადებს კერესელიძე.

შალვა კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ მცხეთის მოსახლეობის სახელით გამართულ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი დიმიტრი ხუნდაძე იყო და ის მოსახლეობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

“მიტინგზე გეთანხმებით, რომ მართლა არ მოვედი – იცით რატომ არ მოვედი? მიუხედავად იმისა, რომ დაპატიჟებული ვიყავი – თქვენი ორგანიზებული და მერიის ორგანიზებული იყო. პირდაპირ ურეკავდით თქვენ მერიის თანამშრომლებს, აიპის ხელმძღვანელებს და ავალებდით, რომ გამოსულიყვნენ ამ მიტინგზე და ეუბნებოდით ტყუილს, რომ სახელმწიფო, მთავრობა მცხეთას შლის, გუბერნიას შლის, გადააქვს სადღაც ჟინვალში, თბილისს უერთებენ ტერიტორიებს და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა და მე ნამდვილად ვერ გადავდგამდი იმ ნაბიჯს, რომ თქვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოვსულიყავი“ , – განაცხადა კერესელიძემ.