დავით ბაქრაძე: დასრულდა ტყუილი დაპირებები, ყველა დაპირება უნდა იყოს დროში გაწერილი

732

როდესაც ხალხს დაჰპირდები, მოატყუებ, არ გაუკეთებ, ხალხის პრობლემას ვერ გაიგებ და გვერდით არ დაუდგები, კაბინეტიდან გამოხვალ და სახლში წახვალ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ შეკრებილები ვართ ადამიანები, ვისი ამოცანაც არ არის ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკური გუნდის, ან თუნდაც ერთი პარტიის გამარჯვება. ჩვენ დღეს აქ შეკრებილები ვართ ადამიანები, ვისი ამოცანაც არის საქართველოს და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ოჯახის გამარჯვება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, როცა ის ყოველდღიურად მოსახლეობას ხვდება, ხედავს, იმედგაცრუებას, ტკივილს და იმას, რომ ადამიანებს აღარ სჯერათ საკუთარი მომავლის.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქართველებმა საქართველოს მომავლის იმედი დავკარგოთ. იმედი უნდა გვქონდეს და ამ იმედს სჭირდება ბრძოლა და ჩვენი გამარჯვება, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოვა კონკრეტული დაპირებებით. იმ დაპირებებით, რომელიც შემოწმებადია, რომელზეც პასუხს მოგვთხოვს ხალხი. დასრულდა ტყუილი დაპირებები. დასრულდა ის, რაც 2012 წელს „ქართული ოცნებისგან“ გვესმოდა. ყველა დაპირება უნდა იყოს დროში გაწერილი. ვამბობთ, რომ გაიზრდება პენსია?! ვამბობთ, ამას, ოღონდ აქვე ვამბობთ – თუ ამის მანდატს მოგვცემენ თბილისელები, 2 თვეში პანსია გაიზრდება 50 ლარით, არ გაიზრდება? მაშინ გამოვალთ იმ კაბინეტიდან და წავალთ სახლში. მოგვცემენ თბილისელები იმის მანდატს, რომ სოციალური დახმარება გაიზარდოს 70 ლარით. არ გაიზრდება 2 თვეში? გამოვალთ იმ კაბინეტიდან და წავალთ სახლში. ეს არის ახალი სტანდარტი“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ხალხმა უნდა მოითხოვოს ყველა პოლიტიკოსისგან.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ დაპირებები, არამედ დაპირებების შესრულება და მათზე პასუხი და პასუხისმგებლობა.

„როდესაც ხალხს დაჰპირდები, მოატყუებ, არ გაუკეთებ, ხალხის პრობლემას ვერ გაიგებ და გვერდით არ დაუდგები, კაბინეტიდან გამოხვალ და სახლში წახვალ. ამიტომ გამოვა დღეს კაბინეტიდან „ქართული ოცნება“, რომელმაც დღეს უკვე მოატყუა თბილსელები, საქართველო და ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოატყუა თბილისი და მთელი საუბარი სივრცეზე, სიმწვანეზე, ბაღებზე, ხეებზე აღმოჩნდა ტყუილი, როგორც კი ეს მოუნდა ერთ ადამიანს და მას აჩუქეს ბოტანიკური ბაღი“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ევროპული საქართველო“ მშვიდობიანად აუცილებლად შეცვლის „ქართულ ოცნებას“.

წყარო: ინტერპრესნიუსი