ის, რაც გუშინ დამატებით მოხდა, ეს იყო 40%-იანი ბარიერის შემოღება, ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტისგან ვისმენთ, რომ თურმე ეს არის კარგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეგვეძლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერის დადგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, 40%-იანი ბარიერი ე.წ. მაშველი რგოლია, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა და მას მხარს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია უჭერს.
„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საკომიტეტო მოსმენაზე პუნქტობრივად მივყვებოდით ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩადებულია ახალ საარჩევნო კოდექსში, თუმცა, თუნდაც ჩვენ ვერანაირად ვერ გაგვიჩნდა სურვილი, მხარი დავუჭიროთ ამ საარჩევნო კოდექსს იქედან გამომდინარე, რომ ვითომ შარლ მიშელის ხელშეკრულების შესაბამისი დოკუმენტია წარმოდგენილი, მაგრამ ვხედავთ, რომ დოკუმენტი არაერთ „ხველს“ უტოვებს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ გააგრძელოს ისეთი მმართველობა, როგორიც დღეს არის წარმოდგენილი, რათა გააყალბოს არჩევნები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება.
ის, რაც გუშინ დამატებით მოხდა, ეს იყო 40%-იანი ბარიერის შემოღება, ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტისგან ვისმენთ, რომ თურმე ეს არის კარგი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეგვეძლება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, წარმოდგენილი 40%-იანი ბარიერი, რომელიც შეიძლება დაუწესდეს ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარულ სისტემას, ეს არის მაშველი რგოლი, რომელიც დღეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შექმნა ხელისუფლებამ და ამას მხარს უჭერს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია. მინდა მოსახლეობას მივმართო, ვერანაირი საარჩევნო კოდექსი, თუნდაც „ქართული ოცნების“ მიერ მათ სასარგებლოდ მიღებული საარჩევნო კოდექსი, ვერაფერს შექმნის, თუ არ იქნება ადამიანების სურვილი და გადაწყვეტილება, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ ამ შემოდგომაზე „ქართული ოცნების“ მმართველობა“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.