„მიშელის დოკუმენტში პირდაპირ წერია ბარიერთან კავშირებით, რომ, შემდეგი ორი არჩევნებისთვის, უნდა იყოს 2%-იანი ბარიერი და ეს ზედმიწევნითაა ასახული ამ პროექტში“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე განმარტა ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებები.
„ფრაქციებს რაც შეეხება; ესეცაა მარტივი ცვლილება – ფრაქციები 4-კაციანი იქნება. რაც შეეხება პროკურორს; გათვალისწინებულია 3/5-ით, ე.წ. ანტიდაბლოკვის მექანიზმით გენპროკურორის არჩევა. ანუ, თუ 3/5-ით ვერ აირჩევს პარლამენტი გენპროკურორს, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, უმრავლესობით, 76 დეპუტატის მხარდაჭერით მოხდება მისი არჩევა. დოკუმენტის პროექტი ჩვენ მიერ შედგენილია და ვფიქრობთ, რომ სრული თანხმობა იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების თარიღის კანონმდებლობის დონეზე განსაზღვრის ინიციატივით ოპოზიცია გამოვიდა და მას „ქართული ოცნებაც“ დაეთანხმა. შესაბამისად, მომავალში, საარჩევნო კოდექსით იქნება გათვალისწინებული საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის, მერის მორიგი არჩევნები და ის ოქტომბრის პირველ შაბათს ჩატარდება. პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა დაამტკიცოს. დღეს კანონპროექტს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. მანამდე კი, მმართველი გუნდის წარმომადგენლების შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპონენტებს ხვდებიან.