ვაშაძე: 40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში, ვინმეს მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვს, შეუძლია მედიკამენტები დალიოს

257

არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძე ასეთ პოლიტიკოსებს ურჩევს, თუ მეხსიერებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, სათანადო მედიკამენტები მიიღონ.

„40%-იანი ბარიერი დეკემბრიდან მოყოლებული იდო დოკუმენტებში. დიახ, ვეთანხმები 40%-იან ბარიერს. დიახ, მივაღწიეთ იმას, რომ 40%-იანი ბარიერი იქნება ცვლილებებში. დეკემბრიდან მოყოლებული იყო განხილვები საკრებულოში. სადავო გახდა იმიტომ, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერზე მიზეზობენ, მეტი არაფერი. ყველა განხილვებზე ეს ხალხი იქ იჯდა, სადაც ჩვენ ამ განხილვებზე ვსაუბრობდით. მეხსიერებასთან დაკავშირებით თუ პრობლემები აქვთ, რაღაც წამლები, მედიკამენტები იყიდება და შეუძლიათ დალიონ, რომ ყველა საკითხი დაიმახსოვრონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობას, გიორგი ვაშაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რაც გვქონია, იმიტომ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს. ბარიერი, ფრაქციები, პროკურორის არჩევის წესი-შესაბამისად, ვიმსჯელებთ, იმედი მაქვს, აქ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, რადგან პირდაპირ ჩაწერილი გვაქვს სპეციალურად ამ საკითხებზე, ძალიან კონკრეტულად გვაქვს გაწერილი დოკუმენტში აბსოლუტურად ყველა დეტალი. ინიციატივას სჭირდება 76 ხელმოწერა. იმედი მაქვს, დღესვე დავიწყებთ ამ 76 ხელმოწერის მოგროვებას. საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.