ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ისევ გამოაცხადა

1185

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 000- ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეშვიდედ გამოაცხადა. მათი ცნობით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აღნიშნავენ, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 115 სტარტაპი დაფინანსდა და თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა.

„პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.