ასპინძის საკრებულომ ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა – რა შემთხვევაში დაჯარიმდებით

432

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბინადარი ცხოველების – ძაღლისა და კატის ყოლის წესი დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ასპინძის ტერიტორიაზე, მათ შორის, პარკსა და სკვერში, ​საბმელის ან ალიკაპის გარეშე ცხოველის გასეირნება აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

50 ლარით დაჯარიმდება მეპატრონე, თუ მისი შინაური ცხოველი მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავებს დააზიანებს.

თუ ცხოველი საზოგადოებრივი სივრცეს ექსკრემენტებით დააბინძურებს, მეპატრონე ვალდებულია ტერიტორია გაწმინდოს. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ მაინც, შინაური ცხოველი ვეტერინარულ დაწესებულებაში უნდა მიიყვანოს, სადაც სავალდებულო ვაქცინაციას და  სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებებს ჩაუტარებენ.

ცხოველის მიერ ადამიანისათვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა) მიყენების შემთხვევაში  მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის სარეგისტრაციო დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.