ახალმა პროექტმა EU4Culture საქართველოს რეგიონების ქალაქებისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქების მხარდაჭერას კულტურის განვითარების სტრატეგიების მომზადებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს ქალაქებს (გარდა დედაქალაქისა), რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ. აპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP). განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 30 ივნისი.
თავდაპირველად, შეირჩევა საქართველოს ხუთი ქალაქი, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმ სამი შერჩეული ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.
პროექტის საბოლოო მიზანია კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. ამ მიზნის მიღწევის გზად კი კულტურის განვითარების ისეთი სტრატეგიების შემუშავებაა დასახული, რომლებშიც პრიორიტეტული იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა, ასევე მულტიკულტურული და მულტიეთნიკური გარემოს შენარჩუნება და განვითარება.
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ხუთ ქვეყანაში – აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა – ხორციელდება. EU4Culture-ს ბიუჯეტი შეადგენს 7,85 მილიონ ევროს, რომელიც მოხმარდება ქალაქების კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მობილობის პროგრამების დაფინანსებას, ასევე ფესტივალების, კულტურული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.
პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ლეჟავა – პროექტის EU4Culture კომუნიკაციების მენეჯერი
ელ. ფოსტა: Mariam.Lezhava@goethe.de ;
ტელ: +995 32 2938945 (207)