„ბაქრაძე – უგულავა ევროპული საქართველო“ საკრებულოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და პირველ ოქტომბერს აქციის გამართვას გეგმავს.
პარტიის წევრებმა და მერობის კანდიდატმა ბრიფინგი თაბორის მთაზე, სწორედ იმ ადგილას გამართეს, რომელთან დაკავშირებითაც დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადაცემა იგეგმება და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ფართობი უკვე შემოღობილია.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილს ზონალური სტატუსი შეეცვალა.
საკრებულოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სხდომის გადადებას ითხოვდნენ.
მათი თქმით, არ დაუშვებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიებისთვის საკრებულოს მიწის ნაკვეთები გადაეცა და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეეცვალათ.
წყარო: 1tv.ge