დევნილები ქუთაისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ

882

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა N12-ში მდებარე ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები დევნილები, მერიას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

მათი თქმით, სამართალდამცველები შენობასთან უკვე ორი კვირაა მორიგეობენ. ეს პროცესი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მათ შენობა, სადაც ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისს აწყობს, უნდა დაცალონ. დევნილები მერიის მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შენობიდან იძულების წესით გაყვანის მოლოდინში არიან.

“საბინაო სამსახურის უფროსი მოვიდა და მას მოყვა დაცვის პოლიცია იარაღით. 24 საათი აქ დგანან. გვეუბნებიან, შენობა უნდა დატოვოთო. რომ წავიდეთ, სად წავიდეთ? ჩვენ სხვა საცხოვრებელი არ გვაქვს, წლებია აქ ვცხოვრობთ. პოლიციასთან პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მათი აქ ყოფნა მუდმივ სტრესში გვამყოფებს”, – განმარტავს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ირინა ბაღათურია.

ქუთაისის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ადგილობრივებს არავინ დამუქრებია. მისი თქმით, შენობას რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს, ადგილობრივები კი, ამაში ხელს უშლიან.

“შენობა არის მერიის ბალასზე, მას უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია. ადგილობრივები ხელს უშლიან ამ პროცესს. დაცვის პოლიცია იმიტომ დგას, რომ შენობაში უცხო პირის შესვლა არ მოხდეს, ან რამის დაზიანება. დაცვის თანამშრომლები მანამდე იქნებიან იქ, სანამ რეკონსტრუქცია არ დასრულდება. ჩვენ ამ ადამიანებს ქირით გადაყვანას ვთავაზობთ, უბინაოდ არავინ დატოვებს მათ. დევნილთა სამინისტროსაც მივმართეთ, რომ უზრუნველყონ მათი ბინით დაკმაყოფილება. თუ ისინი არ დააკმაყოფილებენ, მაშინ რეკონსტრუქციის შემდეგ დაბრუნდებიან შენობაში”,- განმარტავს ჯონი არაბიძე.

გუგუნავას N12-ში 7 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილები 28 წელია ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ. კორპუსს არ აქვს ფანჯრები, დაზიანებულია იატაკი და კედლები, წყალი ჩამოდის სახურავიდან. არ აქვთ ინდივიდუალური სააბაზანო და სასმელ წყალს საერთო საპირფარეშოს ონკანიდან იღებენ. ბოლო პერიოდში პრობლემებს სარდაფში დამდგარი წყალიც დაემატა. ოთხსართულიან შენობაში დაზიანებული მილებიდან წყალი ჟონავს და სარდაფში გროვდება, რის გამო შენობაში ნესტია. გაჩნდა მღრღნელები და ქვეწარმავლები. კედლებიდან ყოველდღიურად ცვივა ბათქაში. დაზიანებულია შენობის გარე ფასადი. დევნილები ამბობენ, რომ ცხოვრება ყოველდღიურად უფრო გაუსაძლისი ხდება.

ქუთაისის მერიამ შენობის სოციალური საცხოვრისად გადაკეთება გასულ წელს გადაწყვიტა. სამუშაოები ბიუჯეტს 821 820 ლარი დაუჯდება. ქუთაისში, ეს უკვე მეორე სოციალური საცხოვრისი იქნება, სადაც უსახლკარო ადამიანებს დროებითი ცხოვრების უფლებით შეასახლებენ.