მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი: მდივანმა გვითხრა, რომ ბალანსი იყო და საარჩევნო ოქმზე ხელი მოგვეწერა – ბიულეტენები არ დაგვითვლია, უბრალოდ ვენდეთ

702

მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ასლიდარ გუმბათოვი აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს, საარჩევნო ოქმს კომისიის წევრებმა, მათ შორის თვითონ ხელი ისე მოაწერეს, რომ ბიულეტენები არ დაუთვლიათ. ამის შესახებ ასლიდარ გუმბათოვმა პარლამენტში, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მსჯელობენ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ასლიდარ გუმბათოვს შეკითხვა დაუსვა, ხომ არ იყო გაყალბების მცდელობა, რაზეც გუმბათოვმა უპასუხა, რომ ეს არ უნახავს.

„მაშინ, რითი შეგიძლიათ ამიხსნათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა წარმოდგენილი ოქმის მიხედვით მიიღო 742-მა ადამიანმა და ბიულეტენი აღმოჩნდა 83-ით ნაკლები? სად გაქრა ეს 83 ბიულეტენი?“ – მიმართა მიქანაძემ გუმბათოვს, რაზეც მან განმარტა, რომ არ იცის, სად წავიდა ბიულეტენები.

„რამდენი ბიულეტენი დაიხარჯა და რამდენი გაბათილდა, ყველაფერი დაჯდა და ხელი მოვაწერეთ. მდივანმა გვითხრა, რომ ბალანსი ზის და ხელი მოაწერეთო. არ დაგვითვლია, უბრალოდ ვენდეთ… არვის უცდია დათვლა, ყველამ ხელი მოვაწერეთ. ხელმომწერთაგან არცერთი დაგიდასტურებთ იმას, რომ მათ ბიულეტენი დაითვალეს. ყველამ ისე მოაწერა ხელი, მეც მათ შორის“, -განაცხადა გუმბათოვმა და აღნიშნა, რომ არ იცის, სად წავიდა დაკარგული ბიულეტენები.

ამასთან, როგორც გივი მიქანაძემ გუმბათოვს განუმარტა, „მსგავსმა გულგრილობამ და უპასუხისმგებლობამ“ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ესაუბრათ.

„თქვენ იცით, რა მოხდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე? ამ გულგრილმა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ, მათ შორის თქვენი პარტიის წარმომადგენლებს საფუძველი მისცა, რომ ეთქვათ, ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები იყო და თქვენ მეუბნებით, რომ არ წამოკითხვას ისე მოვაწერე ხელიო. იცით, რომ ამ ხელმოწერით პასუხისმგებლობა აიღეთ ამ დოკუმენტზე?“ – მიმართა მიქანაძემ კომისიის წევრს.

გუმბათოვის განმარტებით, პასუხისმგებლობას აცნობიერებს, თუმცა არ იცოდა, რომ აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენდა.

„არ ვიცოდი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუ იყო… ვეთანხმები, მესმის პასუხისმგებლობა. მე უბრალოდ ვერ წარმომედგინა, თუ ამ შედეგამდე მივიდოდა“, – განაცხადა ასლიდარ გუმბათოვმა.