აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგს, სავარაუდოდ, კომპანია “ზიმო” ააშენებს

741

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობას ეხება, მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „ზიმო“ მონაწილეობს, ამჟამად ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში პარკინგის ასაშენებლად შპს 11 648 393 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

შპს ზიმო ყოფილ პრემიერმინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. სწორედ ეს კომპანია ახორციელებდა გურიაში, კერძოდ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სხვადასხვა ჯიშის ხეების ტრანსპორტირებას.

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციის თანახმად, 2012-2019 წლებში შპს ზიმომ თითქმის 53 მილიონი ლარის ხელშეკრულებები სახელმწიფოსგან უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით მიიღო. აღნიშნული შპს ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა შავ სიაში, რადგან 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტიდან პირდაპირი შესყიდვით მიიღო 1.4 მილიონ ლარზე მეტი და ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად შეასრულა.

აბასთუმანში, ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს მეოთხე ტენდერია. პირველად 2019 წლის 18 აპრილს გამოცხადდა, მაგრამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მეორე ტენდერი 2019 წლის 21 მაისს გამოცხადდა. თუმცა, ესეც ჩაიშალა, რადგან შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიას – „ერთობლივი საქმიანობა აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპს“ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებების გატარება მოსთხოვა. რაზეც კომპანიისგან უარი მიიღო. მესამედ გამოცხადებულ ტენდერში ამავე კომპანიამ გაიმარჯვა, მაგრამ მან მხოლოდ მიწის მოსწორების სამუშაოები შეასრულა.

ავტოსადგური და ავტოპარკინგი, აბასთუმნის შესასვლელთან მდ. ოცხეს მარჯვენა სანაპიროზე მოეწყობა. ავტოსადგური გათვლილია 150 ადამიანზე სადაც განთავსებული იქნება კაფეტერია, მედპუნქტი, სალარო, სველი წერტილები და ავტოსადგურისა და ავტოპარკინგის მოვლა-შენახვა ოპერირებისთვის საჭირო პერსონალის საოფისე ფართები.

შენობა და ავტოპარკინგი სრულად ადაპტირებული იქნება შშმპ-თვის. ავტოპარკინგი გათვლილია 769 ავტომობილზე.

პროექტი ითვალისწინებს ასევე სახიდე გადასასვლელის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-14) ქუთაისი (საღორია) – ბაღდათი – აბასთუმანი – ბენარას საავტომობილო გზის 300 მ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე ავტოსადგომის გარშემო ადგილობრივი გზის მოწყობას, ავტოსადგომის ტერიტორიის შემოღობვას, არსებული ნაპირდამცავი გაბიონის კედლის რეკონსტრუქციას და ტერიტორიის განათებას.