თბილისის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო

519

თბილისის ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო. ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს. რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი; 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.

თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 11 ივნისს დაიწყო და რეგისტრაციის შესაძლებლობა ჰქონდათ კონკრეტული სტატუსის მქონე ბენეფიციარებს.