თვითმმართველი ქალაქის სტატუსის წართმევა გააძლიერებს თვითმმართველობას, თუ პირიქით, ეს კითხვა დაისვა ზუგდიდის მერობის კანდიდატის და საარჩევნო შტაბების წარმომადგენელთა მისამართით დღეს, ორგანიზაცია „თანაზიარის“ მიერ გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ზვიად (დომენტი) სიჭინავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით ქანთარიამ აღნიშნა, რომ ის ფორმა, რომელიც აქამდე იყო, უფრო სწორი და გამართლებულია, რადგან ვსაუბრობთ ორ, სხვადასხვა ურბანული მოთხოვნების და სურვილების მოსახლეობაზე.
„სოფლის მოსახლეობას აბსოლუტურად განსხვავებული მოთხოვნები, დღის რეჟიმი, სამუშაო გრაფიკი აქვს, ვიდრე ქალაქის, ამიტომაც ეს ჩემთვის არის ცუდი ცვლილება“, – განმარტა დავით ქანთარიამ.
დღევანდელი შეხვედრის მონაწილე მერობის ერთადერთმა კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ „პატრიოტთა ალიანსიდან“ აღნიშნა, რომ მოცემულ საკითხზე არაერთხელ ყოფილა დისკუსია, გაიმართა საპროტესტო აქციაც, ამიტომ მისი მხრიდან უხერხულიც იქნება ერთგვარად ახსნა, თუ რატომ არის ცუდი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა:
„ფაქტობრივად, 2014 წელს ზარზეიმით მიღებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ისევ იმ ადამიანებმა მშვიდად და სიამოვნებით დათმეს“.
წყარო: livepress