ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია. მან ზუგდიდელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში დააყენებს.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე. როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, ბოლო 9 წელში მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ქალები არიან წასული, რომლებიც საქართველოში ღირსეული პირობების შექმნის შემდეგ უნდა დააბრუნონ:
“ბოლო 9 წლის განმავლობაში ერთ მილიონზე მეტი ქართველია გასული ემიგრანტად, ბავშვები იზრდებიან დედების გარეშე, დედის სითბოს გარეშე, დედის სუნის გარეშე. სკაიპით, რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ სკაიპითაც შეიძლებოდა ბავშვების გაკეთება. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში და შევუქმნათ ღირსეული პირობები”, – განაცხადა ანზორ მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე.
მისი სიტყვებით, პირველი დიდი რაუნდი მოიგეს და ერთობამ გაიმარჯვა. მანვე მოუწოდა ამომრჩევლებს, ხმა მისცენ მეორე ტურშიც. გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნა, რომ “ბაბაიაგა” არ არის და მერიაში დასაქმებულ ყველა კვალიფიციურ, ღირსეულ ადამიანთან ითანამშრომლებს. ანზორ მელიას სიტყვებით, მერია კორუფციისგან უნდა გაათავისუფლოს. ის ასევე დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ სკოლაში 14 ათასამდე ბავშვს უფასო კვება უნდა ჰქონდეს.