დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ მაგას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ანზორ მელიამ ჟურნალისტებს ზუგდიდში, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სჯერა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას მოიპოვებს.
„ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი ამ დღეს. ვიყავი ჩემი მშობლების სასაფლაოზე. მივედი, ვუთხარი მშობლებს, რომ დამლოცეთ-მეთქი. უნდა გენახათ, მანქანების რიგი დადგა, ხალხი მორბოდა და ყველა წარმატებებს მისურვებდა, მკოცნიდა და მეხვეოდა. ეს არის საყოველთაო სიყვარული, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
მწამს, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ეს მთავრობა ყველაფერზე წამსვლელია. თუმცა, მაგათ მაინც იციან, ვის მხარეზეა უპირატესობა. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მე მიჭერენ მხარს. დამიდგეს ჩემი კონკურენტი, ერთად გავიაროთ ქუჩებში და ვისაც უფრო მეტი მოწონება ექნება, ვნახავთ მაგას.
მიხარია, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ვარ. თავს შევწირავ ზუგდიდელებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხს ყოფა-ცხოვრება შევუმსუბუქო. მე ამიტომ მოვედი ზუგდიდში, იმიტომ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე, რომ მხოლოდ კაბინეტში ჯდომით ქვეყანა არ აშენდება. ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლო ისე, რომ გლეხს, ქალაქელს მივცე ამოსუნთქვის საშუალება და ზუგდიდი დავამსგავსო ჩემი სიყმაწვილის ზუგდიდს, სადაც სიკეთე, მეგობრობა და სიყვარული ჩქეფდა. უარი უნდა ვუთხრათ ასეთ დაპირისპირებას, ქვეყნის ორად გაყოფას. ეს საზიანოა მთლიანად ქართველი ერისთვის. მე მიყვარს საქართველო, მე მიყვარს ზუგდიდი და მინდა, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელად და ბედნიერად, ამას ვუსურვებ. ჩემი გამარჯვება იქნება ბატონი მიხეილის გამარჯვებაც”, – განაცხადა ანზორ მელიამ.