ნინოწმინდაში, სოფელ სპასოვკაში მცხოვრებლები, რომლებიც საპატრიარქოს საძოვრების მითვისებაში ადანაშაულებენ და უკან დაბრუნებას ითხოვენ, პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„პოლიციიდან დაგვირეკეს და ორნი წავედით. დაინტერესდნენ მაშინ ვინ გადასცა საპატრიარქოს მიწა და რამდენი ადამიანი სარგებლობდით საძოვრებით“, – ამბობს სპასოვკის მცხოვრები, ფირუზ ვანაძე.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო 114 000.00 კვ.მ. ფართის ამჟამინდელი მესაკუთრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა.
“რადგან ნინოწმინდის პანსიონში ასეთი ამბები ხდება, გადავწყვიტეთ, ჩვენც კიდევ ერთხელ ამოგვეღო ხმა და ჩვენი პრობლემების მოგვარება გვეთხოვა შესაბამისი უწყებებისთვის. სათიბი ფაქტობრივად არ გვაქვს, მე სამი ჰექტარი მიწა მაქვს, სადაც 400 ტუკი თივა მოდის, ეს საქონლის შესანახად საკმარისი არ არის. ხან ვყიდულობ, ხან კიდევ ტყეში მივდივარ მოსათიბად. ეს მიწები სოფლისაა და უსამართლოდ გადაეცა სასულიერო პირებს“, – ამბობს ფირუზ ვანაძე.
რატომ დაიბარეს პოლიციაში სპასოვკას მცხოვრებლები და ხომ არ დაიწყო აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, ჩვენთვის უცნობია. აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს სოფელ სპასოვკას მცხოვრებლები ნინოწმინდის პანსიონთან შეიკრიბნენდა დაწესებულების უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან, სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილობრივების თქმით, წლების წინ მთავრობამ სოფლის სათიბები სასულიერო პირებს მათ უნებართვოდ გადასცა, ამიტომ სურთ კუთვნილი მიწები უკან დაიბრუნონ. ამ დღეს მათთან სასაუბროდ არავინ გამოსულა.