10 ივნისს სოფელ სპასოვკას მცხოვრებლები ნინოწმინდის პანსიონთან შეიკრიბნენ და დაწესებულების ხელმძღვანელთან, სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილობრივების თქმით, წლების წინ მთავრობამ სოფლის სათიბები სასულიერო პირებს მათ უნებართვოდ გადასცა, ამიტომ სურთ კუთვნილი მიწები უკან დაიბრუნონ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„შევარდნაძის მიერ მოცემული მიწებია, 90–იან წლებში როცა ჩამოგვასახლეს, მაშინ მოგვცეს. 2007 წლამდე ვსარგებლობდით.14 ჰექტრამდე წაგვართვეს. დაგვაშანტაჟეს, რომ აღნიშნულ მიწას აღარ უნდა მივკარებოდით, მაშინ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად პოლიციაც და გაგიკ კარსლიანიც [ნინოწმინდის ყოფილი გამგებელი] იყო. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ“, – აცხადებენ სპასოვკას მცხოვრებლები.
მათივე თქმით, წლების წინ სასულიერო პირებს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ უშედეგოდ, პოლიციამ სათიბებიდან საპატრიარქოს წარმომადგენლების გაძევების უფლება არ მისცა.
„სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით და ხალხით, როცა ჩვენ ხალხი გამოვედით და წააწყდნენ დაბრკოლებას ამოიყვანეს პოლიცია. სათიბი ადგილია და ისე მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ“, – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.
სპასოვკის მცხოვრებლების განცხადებით, ისინი ნინოწმინდის პანსიონთან ხვალაც შეიკრიბებიან და პროტესტს გააგრძელებენ.
“გაგიკ კარსლიანმა 2002 წელს მოგვიზომა მიწები, არენდის სახით გვქონდა, ადრე ეს კაცი მიწათმომწყობი იყო გამგეობაში, მერე ნინოწმინდის გამგებელი გახდა. 2007 წლამდე ვისარგებლეთ, მერე გამოჩნდა მეუფე სპირიდონი და თქვა ეს მიწები ჩვენია და თქვენ უკანონოდ სარგებლობთო, ძალაუფლება მის ხელში იყო და ჩაიგდო ეს მიწები. ვეღარ ვთიბავთ, სამი წლის წინ შევედით, მოვთიბეთ და ამის გამო პოლიციაში დაგვიბარეს. 2007 წლიდან ვითხოვთ მიწების დაბრუნებას, ხვალაც მივალთ პანსიონთან, გვინდა ჟურნალისტებმა გაიგონ ჩვენი პრობლემების შესახებ და მიიტანონ შესაბამის უწყებებთან”, – ამბობს სოფელ სპასოვკაში მცხოვრები ფირუზ ვანაძე.
მისივე თქმით, მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სათიბების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას სასამართლოშიც უჩივლა: “ჩვენი იყო ეს მიწები, ჩვენ ვსარგებლობდით, თუ იყო გადასაფორმებელი, ამას ჩვენ გავაკეთებდით, რატომ გადასცეს სასულიერო პირს?! ამის გამო დაიწყო ჩივილი და დაპირისპირება. მსგავსი პრობლემა ხულოსა და შუახევშიც ყოფილა, მოსახლეობას გაუპროტესტებია და სასულიერო პირებს ჩამოართვეს მიწები, ჩვენც ამას ვითხოვთ, რადგან იმ ხალხმა დაიბრუნა ჩვენც იმედი გვაქვს”, – ამბობს ფირუზ ვანაძე.
სპასოვკის მცხოვრებლებს სასულიერო პირებიდან არავინ შეხვედრია, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ნინოწმინდაში არ იმყოფება.
როდის და რა პირობით გადაეცა სპასოვკის მიმდებარე სათიბები საპატრიარქოს და ვის საკუთრებაში იყო აღნიშნული მიწები მანამდე, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, „სამხრეთის კარიბჭე“ აღნიშნულ თემაზე მუშაობს, თვალი ადევნე ვებგვერდს.