ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია, ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტმა შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში” აქტივისტები დაასაქმა და ბიუჯეტი ხელოვნურად გაზარდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მერიას ახლა იმაზე ძვირი უჯდება მუნიციპალური ტრანსპორტის შენახვა, ვიდრე ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქალაქს კერძო სატრანსპორტო კომპანიები ემსახურებოდნენ.
გიგა შუშანია დარწმუნებულია, რომ გაბერილი შტატებით და ხარჯებით თვითმმართველობა არჩევნებისთვის ემზადება.
“ქუთაისის მერიამ, ნაცვლად იმისა, რომ მიეხედა პანდემიის დროს დაზარალებული ქუთაისელებისთვის, არც ერთი თეთრი არ გამოყო მათ დასახმარებლად. როდესაც უმუშევრობა პიკს აღწევს და ეკონომიკა გაჩერებულია, ამ დროს ორი მილიონი დაუმატა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას და დაასაქმა ყველა ზონდერი, რომლებიც ხან კმაყოფილი მოქალაქეების როლს ასრულებდნენ “ქართული ოცნების” შეხვედრებზე და შემდეგ იგივე ხალხი ოპოზიციის შეხვედრებზე აღშფოთებული მოქალაქეების როლს თამაშობენ.
2 400 000 ლარი დაუჯდება ბიუჯეტს ამ უსაქმურების შენახვა. მაშინ, როცა არსებული ტარიფი ჰყოფნიდა, როგორც ძველი ავტობუსების შენახვას, მათ შორის კერძო კომპანიების მოგებას და ბიუჯეტშიც თანხა შემოდიოდა, გაუგებარია რატომ სჭირდება ახალ ავტობუსებს, რომლებსაც სამწლიანი გარანტია აქვს, ამდენი თანხა. რეალობა არის ის, რომ მოდის არჩევნები და ეს არის იდეალური საშუალება ფულის კეთების”, – ამბობს გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.
რატომ გაიზარდა სატრანსპორტო კომპანიის ბიუჯეტი, მერიას ამ დრომდე არ უპასუხია.