2020 წელს საქართველოში 194 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა

302

2020 წელს საქართველოში 194 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (55.2 პროცენტი) განთავსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.9 პროცენტი), თბილისში (7.2 პროცენტი), ქვემო ქართლის (6.2 პროცენტი), აჭარის (5.2 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.2 პროცენტი), იმერეთის (3.6 პროცენტი), გურიის (2.1 პროცენტი) და მცხეთა-მთიანეთის (1.5 პროცენტი) რეგიონებში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 524 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 673 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 497 კაცით განისაზღვრა.

„2020 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 308.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 56.2 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 14.3 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 12.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 12.4 პროცენტი – თევზეული, 2.1 პროცენტი რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 2.4 პროცენტი უკავია. სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის განმავლობაში შესყიდულია 32.3 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 19.7 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 217.7 მლნ. ლარის ღირებულების (68.0 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (36.8პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 64.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათამის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (45.9 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.5 პროცენტი) და თევზეული (10.4 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 11.9 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი წარმოადგენდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში 51 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთში (43.1 პრროცენტი), ქვემო ქართლის (21.6 პროცენტი) და შიდა ქართლის (17.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 7.8 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, 3.9 პროცენტი თბილისში, 3.9 პროცენტი იმერეთში და 2.0 პროცენტი გურიის რეგიონში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 43 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 247 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 932 კაცით განისაზღვრა.

„2020 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 487.3 ათასი ტონაპროდუქცია, რომლის 77,3 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, 8.6 პროცენტს სიმინდი, 8.3 პროცენტს სოიოს შროტი, 3.3 პროცენტს ხორბლის ფქვილი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა. ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა – 2.5 მლნ. ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.