პაპუაშვილი: ივლისში მერობის ყველა კანდიდატს საჯაროდ დავასახელებთ

283

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ივლისში იგეგმება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაასახელონ მერობის კანდიდატები, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი. პარლამენტში, ჟურნალისტებტან საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატების დასახელებას აქვს თავისი სამართლებრივი ვადები

“ივლისში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ საჯაროდ დასახელება. ყველა კანდიდატი, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ისეთი, რომელიც გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში”, – თქვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მათ შორის თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე, პაპუაშვილი პასუხობს, რომ “უნდა დაველოდოთ ივლისს”.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.

ოპოზიციის ნაწილი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თბილისის მერობის კანდიდატურას განიხილავს. “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას თვითმმართველობის არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვს და მათი პარტიიდან თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა თავად იყოს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით კი, ენმ-ის მერობის კანდიდატის მხარდაჭერა არჩევნებში მარცხის ფორმულაა.