9 ივნისს აფხაზეთის დევნილთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მემორანდუმს ხელი აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა, ლევან თევზაიამ და საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ხათუნა საგანელიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და სარეაბილიტაციო-სპორტული პროექტების განხორციელებას. ასევე, დევნილ არასრულწლოვან შშმ პირთა ჩართვას პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათი რეაბილიტაციისა და სპორტის სახეობების შესწავლის მიზნით.
თანამშრომლობის მიზანი საქართველოში პარასპორტის სახეობების განვითარება და ხელშეწყობაა.