საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ „შავ სიაში“ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ, – ამის შესახებ ინტერპრესნიუსთან ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, დეფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ გაამკაცრეს მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა.
“ამ ეტაპზე, ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას იქ მცხოვრებ პირებს მხოლოდ სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით აძლევენ, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმმა გარკვეული “შავი სია“ შეადგინა, სადაც იმ ადამიანების გვარებია, ვინც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ შეძლებს იმის მიუხედავად, პირადობის დამადასტურებელ რომელ დოკუმენტს ფლობს ან გააჩნია თუ არა ე.წ. პროპუსკი. აღნიშნულ “შავ სიაში“ ძირითადად მოხვდნენ ოკუპირებულ ახალგორში მოქმედ ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, როგორც ჩანს, დე ფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ გაამკაცრეს მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას და უკიდურესად არაჰუმანიტარულ მიდგომებს, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამის ფორმატში გამართულ ყველა შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას“, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.